არა მონოპოლიზაციას! - ამ მოთხოვნით აქცია ფოთის ნავსადგომთან თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. გადამზიდავი კომპანიის თანამშრომლების და მათი მხარდამჭერების განცხადებით, 4 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება.
აქციის მონაწილეები იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა. ამის შემდეგ კი ფოთის საზღვაო ნავსადგური პორტში შემოსულ კონტეინერებს თავის საკუთრებაში არსებულ ტერმინალზე განათავსებს.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, სხვა ტერმინალები უფუნქციოდ დარჩება და მათ გაუქმება ემუქრება. საუბარია, დაახლოებით, 15-მდე ტერმინალზე და ამდენივე გადამზიდავ კომპანიაზე.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად, განცხადება ფოთის პორტშიც გააკეთეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება, რომელიც 1 ივლისიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვანია.
მათი განმარტებით, ფოთის პორტი მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება. რაც შეეხება უმუშევრობას და მონოპოლიზაციის საფრთხეს, ამ თემაზე პორტში არაფერს ამბობენ.
გადამზიდავი კომპანიების თანამშრომლებს სოლიდარობის ნიშნად საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებიც შეუერთდა. თუ კანონი ამოქმედდება, აქციის მონაწილეები უფრო მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი