რუსთავი 2-ის საქმეებზე მსჯელობას საკონსტიტუციო სასამრთლოს პლენუმი იწყებს. მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ტელეკომპანიის საქმეებზე 9 მოსამართლე იმსჯელებს. მათ შორის, თავიდან იწყება მოსმენა არხის ერთ-ერთი უკვე განხილული სარჩელის გარშემო.
როგორც რუსთავი 2-ის წარმომადგნელები აცხადებენ, მათთვის არსებითად მნიშვნელოვანი არ არის, სარჩელს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმი. თუმცა ადვოკატების განცხადებით, ამ პროცედურებით ხდება, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროში გაჭიანურება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს, მათი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა, როდესაც საქმე კოლეგიიდან პლენუმს გადაეცემა, უკვე არსებობს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს კოლეგიიდან პლენუმზე გადაცემის საფუძვლებს. მათ შორის ერთ-ერთი საფუძველია თუ საქმემ თავისი შინაარსით წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებით იშვიათი სამართლებრივი პრობლემა,“-განაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ კვირას მოსამართლე მერაბ ტურავამ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა რუსთავი 2-ის სარჩელების პლენუმისთვის გადაცემა. მოსამართლე ტურავამ შუამდგომლობა საქმის განსაკუთრებულობით ახსნა, თუმცა მისი მოთხოვნა საეჭვოდ დაემთხვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სათათბიროდ გასვლის ფაქტს.