რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელის ხელახალი განხილვა პლენუმმა მოსამართლე მერაბ ტურავას მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. ეს პრივილეგია ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ რამდენიმე დღის წინ ძალაში შესულმა კანონმა მიანიჭა.
რუსთავი 2-ის ადვოკატების აზრით, მერაბ ტურავამ მოთხოვნა საქმის გაჭიანურების მიზნით დააყენა. ამ პოზიციას არ იზიარებს მოპასუხე მხარე, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს.
საკუთარი აზრი პლენუმის პირველ პროცესზე დღეს იმ მოსამართლეებმაც დააფიქსირეს, რომლებმაც რუსთავი 2-ის ეს სარჩელი ერთხელ უკვე განიხილეს. ქეთევან ერემაძემ დაადასტურა, რომ კოლეგიას განხილვა არათუ დასრულებული ჰქონდა, არამედ უკვე გადაწყვეტილების გამოცხადებას გეგმავდა. მოსამართლეთა დანარჩენი ნაწილი კი სხვადასხვა არგუმენტებით დღეს სხდომის გადადებას ითხოვდა.
რუსთავი 2 საკონსტიტუციო სარჩელით სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს ასაჩივრებს, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა ხვალ გაგრძელდება.
ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ლევან კალანდია, თამარ შალოშვილი.