19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახი მერიამ ვაგონიდან გამოასახლა

13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლა. წყნეთის ხევის ქუჩაზე გუბელაძეების ოჯახი კონტეინერში უკვე ერთი წელია ცხოვრობს.

ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ საკუთრებაში იყო, მერია კი ამ დრომდე კომპენსაციას არ უხდიდა. დღეს მერიის გადაწყვეტილებით აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა გუბელაძეები გაასახლეს და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არა ერთხელ მიმართეს, თუმცა მათ თხოვნას შედეგი არ მოყოლია.

„არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, ალბათ არც კითხულობდნენ. ახლა როცა იძულებული გავხდით ამ გზისთვის მიგვემართა, მოგვადგნენ და გვასახლებენ,“ - განაცხადა გუბელაძემ.

გასახლების პროცესს დღეს ზედამხედველობის სამსახურიც აკვირდებოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს აღებული აქვთ კომპენსაცია ზარალის შესაბამისად.

„18 აპრილს დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამასთან დაკავშირებით, განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მშენებლობის უნებართვო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ქალბატონი ბელა გუბელაძე,“- განმარტა თამაზ ჯაყუნაშვილმა. 

დღის ამბები