საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დასრულდება რუსთავი 2-ის ერთ-ერთი სარჩელის განხილვა. საქმე ეხება ამორალური გარიგების შესახებ მუხლის გაუქმებას. მხარეები მოსამართლეთა პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ და შემდეგ სასამართლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.
მაგრამ, ამით რუსთავი 2-ის საქმე არ დასრულდება. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოსამართლეებმა პირდაპირ დაიწყეს რუსთავი 2-ის ახალი სარჩელის განხილვა.
სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა მოსამართლე მერაბ ტურავამ. ის გამოეხმაურა რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებას და აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა საქმის გაჭიანურება და რუსთავი 2-ის იურისტები სიცრუეში დაადანაშაულა.
“არც ერთ შემთხვევაში არ იგეგმებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 679 სარჩელზე გამოცხადება. ალბათ თქვენ არ გქონდათ სათანადო ინფორმაცია, ან გქონდათ და შეგნებულად ამახინჯებთ მას“ - განაცხადა ტურავამ.
ამგვარი ინიციატივის გამო ტურავამ თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა.
“თავი შევიკავეთ ინდივიდუალური ასეთი ჩართვებისგან, თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის თვითონ გააკეთებს განცხადებას. ასევე, ვთხოვ კოლეგებს - კონფიდენციალური ინფორმაცია მეორედ არ ახსენონ, აღარ ვისაუბრობთ ამ თემაზე“ - აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე