ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. წინასაარჩევნო ანგარიში მედია გარემოსაც ეხება. ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ გაძლიერდა იმის აღქმა, რომ რუსთავი2-ის საქმეში არსებობს პოლიტიკური ჩარევის მცდელობა, არსებული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით.
„რუსთავი 2 და მაესტრო ჩვენ იმიტომ ვახსენეთ, რომ გარკვეული კომენტარები იყო იმაზე, რომ სამართალწარმოების პროცესი ხარვეზებით და დარღვევებით მიმდინარეობდა. არის აღქმა იმისა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ჩარევას სამართალწარმოების პროცესში. გარდა ამისა, ამ ყველაფრის მოტივაცია არის არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
"ჩვენ არ შეგვისწავლია რუსთავი2-ის საქმის არსებითი მხარე, არ ვიცით კარგად და ვერც შევეხებით არხის სარედაქციო პოლიტიკას. მაგრამ, ნამდვილად გვაინტერესებს ის თუ რამდენად აქვს ადგილი პოლიტიკური მოტივებით ჩარევას. თუ ეს ასეა, ეს ნამდვილად არყევს საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას,“- განაცხადა ლორა ჯიუტიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი სემ კოპერსმიტი ამბობს, რომ მათ მიზანს ბრალედებების და ვარაუდების დეტალურად შესწავლა არ წარმოადგენს. თუმცა, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა.
მისივე თქმით, არჩევნების სანდოობა ბევრად უფრო მაღალი იქნება, თუ სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან იქნება თავისუფალი.