19 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
რუსთავი2 ისევ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

რუსთავი2 ისევ სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია - საკონსტიტუციო სასამართლომ არხის სარჩელების განხილვა გუშინდელი 11-საათიანი პროცესით დაასრულა და გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გამოცხადების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

იმისთვის, რომ რუსთავი2-ის მიერ გასაჩივრებული "სამოქალაქო კოდექსის" რამდენიმე ნორმა პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნოს, 9-წევრიანი შემადგენლობიდან, მინიმუმ, ხუთი, ზოგ შემთხვევაში კი ექვსი მოსამართლის ხმა იქნება საჭირო.

რუსთავი2 და TV საქართველო საკონსტიტუციო სარჩელით "სამოქალაქო კოდექსის" რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს. მათ შორისაა ნორმა, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში, პირებს შორის შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.

ტელეკომპანიის ადვოკატები დასკვნით სიტყვაში პლენუმის დარწმუნებას იმაში ცდილობდნენ, რომ კანონმდებლობა ამორალურობის საკითხს ზუსტად არ განმარტავს და "სამოქალაქო კოდექსის" ეს მუხლები სუბიექტური ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა.

რუსთავი2-ის ეს სარჩელი 4 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხელ უკვე განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კოლეგიას საქმეზე მსჯელობა უკვე დასრულებული ჰქონდა და გადაწყვეტილების გამოცხადებასაც გეგმავდა, 15 ივნისს საქმე განსახილველად 9 მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს გადაეცა და ხელახალი განხილვები დაიწყო.

პლენუმისთვის გადაცემა მოსამართლე მერაბ ტურავამ მოითხოვა. რუსთავი2-ის ადვოკატები თვლიან, რომ ეს მოთხოვნა ტურავამ საქმის გაჭიანურების მიზნით დააყენა.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

 

 

 

დღის ამბები