19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის ნახევარი საკმარისი რაოდენობის საკვებს ვერ იღებს - ოქსფამის კვლევა

საქველმოქმედო ორგანიზაციამ ოქსფამის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიაში საბაზისო კვლევა ჩაატარა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის ნახევარს არ აქვს საშუალება, საკმარისი რაოდენობით საკვები იყიდოს - ანუ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, მეტად თუ ნაკლებად, მშიერია.

საქართველოსთან მიმართებაში კვლევის ძირითადი მიგნებები შემდეგნაირია: მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს. მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია A ვიტამინით.

კვლევების საფუძველზე და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, ოქსფამმა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასები - ძალიან მაღალი.

ამასთან, რეგიონში ძირითადი პრობლემა არის არა კვების უკმარისობა, არამედ ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს.

კვლევის თანახმად, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული საკვების 50%-ზე მეტი იმპორტირებულია და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების დონე ამ ორ ქვეყანაში ძალზედ მაღალია.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები