19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელებს - დიმიტრი საძაგლიშვილი

რუსთავი2 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას 4 საქმეზე ელოდება. როგორც ტელეკომპანიის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, აცხადებს, რუსთავი2-ის სარჩელები მკაფიოდ დასაბუთებულია და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება იქნება ტელეკომპანიის სასარგებლოდ.

ამის შესახებ ადვოკატმა განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში არის არგუმენტირებული და სწორედ ამიტომ იმედი მაქვს, რომ დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელებს და ამით არა მხოლოდ რუსთავი2-ს, არამედ ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას დაიცავს ქვეყანაში,“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

რუსთავი2-ის ადვოკატმა სასამართლო პროცესებში ხელისუფლების ინტერესებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაჩქარებული ტემპით მიმდინარე პროცესების პარალელურად მოსამართლე მერაბ ტურავამ საკუთარი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა გააჭიანურა, რათა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ ყოფილიყო მიღებული.

„საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება, დაადგინოს, რომ საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო არაკონსტიტუციური და არასწორი, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდგომი განხილვისას იგივე ნორმებს საერთო სასამართლოები ვერ გამოიყენებს, რაც ხელისუფლების ინტერესებში არ ჯდება,“ - აცხადებს ადვოკატი.

დღის ამბები