19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
პრეზიდენტმა და მედიამენეჯერებმა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე იმსჯელეს

წინასაარჩევნოდ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე ცვლილებების განსახილველად მედიამენეჯერები პრეზიდენტთან შეიკრიბნენ. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის მიმართ, რომელიც მედიამენეჯერების ინფორმაციით მხოლოდ 2 მოსმენითაა მიღებული, თითქმის ყველა მაუწყებელს ერთი და იგივე პრეტენზია ჰქონდა. რუსთავი 2-ის, კავკასიის, GDS და სხვა კომპანიების ხელმძღვანელები საათში ერთხელ დაწესებულ ახალ კვოტას აპროტესტებდნენ.

კანონპროექტის ამავე ვერსიის მიმართ დღესვე შენიშვნები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოხატეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კი გაირკვა, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენისას კანონპრეოქტის ცვლილებები ისე შეიტანა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არც ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა, თუმცა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე ამტკიცებს, რომ მედიის მოთხოვნების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ მესამე მოსმენა გასულ კვირას ჩაატარა, თუმცა, კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრა ამ კვირის ბოლოსთვის გადაიდო.

ავტორი: ნათია გოგსაძე

დღის ამბები