19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
რუსთავი2-ის იურისტები თამაზ ურთმელიძის გასაუბრების ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვენ

“აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ურთმელიძის მიმართ დასმული შეკითხვები და მისი პასუხები ამ კითხვებზე,” - ეს განცხადებს რუსთავი2-ის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, თამაზ ურთმელიძის გასაუბრებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ყოფილი მოსამართლე დღეს იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს პასუხობდა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მეორე ეტაპი გაიმართა.

იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი ვიდეო-ჩანაწერის გასაჯაროებას მისი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ითხოვს.

“აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ურთმელიძის მიმართ დასმული შეკითხვები და მისი პასუხები ამ კითხვებზე იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის ობიექტი იყო რუსთავი2-ის საქმე და კონკრეტულად მოსამართლე ურთმელიძე. თუ სამდე არსებობს განათლების პრობლემა, ეს პირველ რიგში არის სწორედ ურთმელიძის განათლების პრობლემა იმიტომ, რომ არა ერთხელ გამოიკვეთა სასამართლო დარბაზში, რომ მას უბრალოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ტერმინებს ხმარობდა. საკუთარი დედის უარმყოფი პირისაგან მსგავსი განცხადების გაკეთება არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

თამაზ ურთმელიძემ დღეს, გასაუბრების შემდეგ, მის მიერვე გამოთქმულ ინიციატივაზე ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება არ ისურვა. გასაუბრების შემდეგ არც ის განმარტა, თუ რატომ უწუნებს ჟურნალისტებს განათლებას და რა მოტივით სურს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

ურთმელიძემ აქვე განაცხადა, რომ არ სურს, მისი და საბჭოს წევრების საუბრის ვიდეო-ჩანაწერის გასაჯაროება, რადგან მიიჩნევს, რომ მისი გავრცელება არასწორი ინტერპრეტაციით მოხდება.

 

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები