პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობოები და რუსთავი 2-ის წინააღდეგ ხელისუფლების ბრძოლად აფასებენ განვითარებულ მოვლენებს. ისინი პროცესების დაჩქარებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ასევე არ გამორიცხავენ, რომ ეს კავშირში იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე სარჩელების განხილვასთან, რომ საკონსტიტუციოს არ დაესწრო გადაწყვეტილების მიღება.
„ადგილი ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, დადგენილი ვადებით მეთორმეტე დღეს თავად გაიგზავნა მხარეს გადაწყვეტილება, რაც მიანიშნებს იმას, რომ სასამართლო ჩქარობს, რაც შეიძლება მალე შევიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სარჩელი. რაც, რა თქმა უნდა, არ შედის მხარის ინტერესებში, იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარიამ.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხელისუფლების ინტერესებშია.
„როდესაც რუსთავი 2-ის საკუთრებაზე ვსაუბრობთ, ქიბარ ხალვაშამდე პირველ რიგში ეროსი კიწმარიშვილი იყო, რომელიც სათავეებთან იყო ამ ტელეკომპანიის და რომლის განცხადება, რომ ივანიშვილი ჩემს გარეშე ვერ გაარკვევს რუსთავი 2-ის საკითხს, აუცილებელია კონტექსტის გასაგებად,“- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.