ეს აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის გააქტიურებასთან -ეს განცხადება, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა გააკეთა. ის თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს.
მისივე განცხადებით, მკვლელობის მოტივად გამოირიცხება პირადი და შურისძიების მოტივი. ზურა კიწმარიშვილი ფიქრობს, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა პოლიტიკური ან მედია ინტერესი გამხდარიყო.
“ეს აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული მისი ცხოვრების ბოლო პერიოდის გააქტიურებასთან. ეს იყო მედია და ეს იყო პოლიტიკური მიმართულება. პრინციპში ეს ორი ალბათ ერთმანეთთან იყო თავსებადი, გადაკვეთები იყო ამ ორ საქმიანობას შორის. რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ პირად მოტივებს, შურისძიებებს, ბიზნეს ინტერესებს და ა.შ.“-განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.
ის კიდევ ერთხელ საუბრობს იმ გეგმებზე, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ჰქონდა. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილი გარდა პოლიტიკური აქტივობისა, გეგმავდა ჰქონოდა საკუთარი სტუდია და ასევე გეგმავდა თანამშრომლობას ტელეკომპანია რუსთავი 2-თან.
ის აპირებდა ძალიან ბევრ ადამიანთან მოესინჯა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამის ფაქტებიც არსებობს. მას ჰქონდა მცდელობა, რომ ჰქონოდა საკუთარი სტუდია. საწყის ეტაპზე ის აპირებდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან თანამშრომლობას,“- განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.