მთავრობის წევრებმა დღეს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. მინისტრთა კაბინეტის წევრები სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-სთვის ვადაზე ადრე გადაწყვეტილების გამოგზავნაზე კომენტირებისგან თავს იკავებენ.
„ამ თემებზე სახალხო დამცველი რომ აკეთებს განცხადებებს სწორია, თვითონ განცხადება სწორია თუ არა, ამის შეფასებაში არ შევალ, მაგრამ ამ თემებზე რომ საუბრობს, სწორია. ამ თემებზე თავდაცვის მინისტრი რომ საუბრობს, არასწორია. მე მაქსიმალურად თავს ვიკავებ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებებზე კომენტირებისგან,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
მინისტრების თქმით, ჟურნალისტებმა ამ საკითხზე სასამართლოს უნდა მიმართონ. განათლების მინისტრის თქმით კი, ის პრემიერის პოზიციას იზიარებს, იმასთან დაკავშირებით რომ პროცესები მმართველ გუნდს აზიანებს.
„დამოუკიდებელ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე და წარმოება საყურადღებოა. ამ შემთხვევაში პრემიერის პოზიციას გავიზიარებ, რომ ჩვენი გუნდისთვის საზიანოა ის, რაც ხდება. გამჭვირვალე, თანაბარი და გახსნილი წინასაარჩევნო პროცესისთვის კარგი იქნებოდა, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდეს,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ავტორი: ანა წერეთელი.