19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
„სააპელაციოს განცხადება უბრალოდ სამარცხვინოა"- "რუსთავი 2"-ის ადვოკატები

სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სადაც გადაწყვეტილების ფოსტის საშუალებით გაგზავნის მიზეზებია განმარტებული, ტელეკომპანიის იურისტები ეხმაურებიან.

მათი თქმით, სასამართლომ განცხადებით დაადასტურა კანონის ის განმარტება, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ - მხარეს აქვს არა უადრეს 20 დღისა და არა უგვიანეს 30 დღის ვადა საიმისოდ, რომ თავად ჩაიბაროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„სააპელაციოს განცხადება არის უბრალოდ სამარცხვინო, ის დაფუძნებულია სიცრუეზე და მასში გაკეთებულია არაკვალიფიციური სამართლებრივი შეფასებები. რეალურად სააპელაციო სასამართლო თავისივე განცხადებაში იყენებს სწორედ ისეთ ტერმინებს, რაზედაც ჩვენ ვაპელირებდით.  მაგალითად ამბობს, რომ 259 პრიმა მუხლი არის სპეციალური ნორმა, აგრეთვე ამბობს, რომ მეორე ნაწილი არის იმპერატიული ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ორ შემთხვევაში არის სასამართლო გადაწყვეტილების გამგზავნი მხარეებისათვის და არც ერთ გამონაკლისში ჩვენ არ ვჯდებოდით,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მეორეს მხრივ რუსთავი 2-ის იურისტები აცხადებენ, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს სააპელაციო სასამართლო მაშინ როდესაც ამბობს, რომ სამოქალაქო 259-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მათ მიენიჭათ იმის უფლება, რომ სურვილისამებრ საქმეზე მხარეებს გაუგზავნონ გადაწყვეტილება. მათი თქმით, აღნიშნული მუხლი ამის საშუალებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იძლევა. მაშინ, როდესაც საქმე ეხება სოციალურად დაუცველებს ან პატიმრებს.

„სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, კერძოდ მან მიუთითა 259-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ პირებს ეგზავნებათ უშუალოდ სასამართლოსგან გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლოს მივუთითებთ, რომ 259 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომელი მხარე არ არის ვალდებული, რომ გამოცხადდეს. კერძოდ ესენი არიან სოციალურად დაუცველები და სხვა კატეგორიის პირები,“- განმარტა თამთა მურადაშვილმა.

დღის ამბები