რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დილიდან კეთდება განცხადებები პარლამენტში. უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ რუსთავი 2 ჩათვლის, რომ პროცედურა დაირღვა, ტელეკომპანიას შეუძლია,გაასაჩივროს. მისივე თქმით, თუ კანონია დარღვეული, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
„ კანონი არის თუ არა დარღვეული, ამას წყვეტს სასამართლო და მე როგორც იურისტს, შეიძლება მქონდეს ჩემი აზრი, მაგრამ არ მინდა პოლემიკაში შევიდე, გარკვეული სუბიექტური მოსაზრებების გამო,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ.
„დაარღვია ნამდვილად იცით? იქნება არ დაურღვევია, რატომ დაარღვევდა, რა მიზნით? თუ დაარღვია რამე ვინმემ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს არის რუსთავი 2-ის სასარგებლოდ ჩადენილი დარღვევა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნა კანონდარღვევა არ არის.
„არაფერი იქნება არჩევნებამდე, მე დარწმუნებული ვარ. თქვენ იგივე რეჟიმში გააგრძელებთ მუშაობას, რაღაც ასე მიგრძნობს გული,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი აცხადებს, რომ როდესაც სასამართლოს მხრიდან კანონის დარღვევას აქვს ადგილი, პარლამენტი ვერ მოახდენს რეაგირებას, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი