რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. იურისტები მათი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში მსგავს შემთხვევას, რომ ვადაზე ადრე სასამართლო მხარეს გადაწყვეტილებას უგზავნის ისინი, ვერ იხსენებენ.
„წლებია სასამართლოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, სასამართლოში ათასობით ადამიანის ინტერსებს ვიცავთ, არც ერთი შემთხვევა არ გვახსენდება, როდესაც სასამართლოს წინსწრებით ჩაებარებინოს გადაწყვეტილება. ის, რაც გუშინ მოხდა და ის განცხადება, რომელიც სასამართლომ გაავრცელა, ვერ განმარტავს, რატომ იღებს სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ვადაზე ადრე ჩაბარებას უპრეცენდენტო ფაქტად აფასებენ.
„არასდროს სასამართლოს თავისი ინიციატივით სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილება მხარისთვის არ ჩაუბარებია, გაუგზავნია,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.