სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-სთვის ვადაზე ადრე გადაწყვეტილების გამოგზავნის სამართლებრივ საფუძვლებს განცხადებით განმარტავს. სასამართლოში, ერთი მხრივ, ადასტურებენ, რომ კანონი მხარეს ავალდებულებს გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში თავად გამოცხადდეს, არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა, თუმცა ამავე განცხადებაში სააპელაციო სასამართლო ამბობს, რომ რუსთავი 2-სთვის გადაწყვეტილების ფოსტით მე-12 დღეს გაგზავნით, კანონი არ დარღვეულა.
სააპელაციო სასამართლოს არგუმენტები გაუგებარი და არადამაჯერებელია რუსთავი 2-ის იურისტებისთვის. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები განმარტავენ, რომ დარღვეული კანონით და ვადაზე ადრე ჩაბარებული გადაწყვეტილებით პროცესები 18 დღით დაჩქარდა, რაც რუსთავი 2-ის, როგორც მხარის ინტერესებს აზარალებს.
სააპელაციო სასამართლოს ამ ქმედებას უპრეცედენტო ფაქტად აფასებენ იურისტები, რომლებიც წლებია სხვადასხვა ინსტანციებში სამოქალაქო დავებზე მუშაობენ.
კანონის განმარტებისგან დღეს თავი შეიკავეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე კი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის მოქმედი მოსამართლეა, ამბობს, რომ სამოქალაქო კოდექსის ამ სადავო მუხლებს არ იცნობს.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ლევან კალანდია, ედო თათელიშვილი.