ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის შუალედური საინფორმაციო ანგარიში გასაჯაროებული არ იქნება, ეს გადაწყვეტილება კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. თუმცა ცნობილია, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარი იყო ყველა იმ პრობლემურ საკითხზე რომლებიც საქართველოში წინასაარჩევნოდ დგას.
„ძალადობა პოლიტიკოსებზე, სადაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა იყვნენ დაუშვებელია. ის არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებსაც და ჟურნალისტებსაც აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება ჰქონდეთ. პოლიტიკოსებმა ისე უნდა ჩაატარონ კამპანია, მათ ხელი არავინ დაარტყას. ყურადღებით დავაკვირდებით რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტელეარხი ისეთივე დარჩება როგორიც დღესაა,“- განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელმა, კირსტენ ლუნდგრენმა.
დეპუტატებს წარუდგინეს ვიდეომასალა კორცხელის ინციდენტის შესახებ, იმსჯელეს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებსა და ძალადობის ფაქტებზე წინასაარჩევნო პერიოდში.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ანგარიში რომ არ გასაჯაროებულიყო, ამის ინიცირება ქართული ოცნების წარმომადგენელმა მოახდინა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.