დაუშვებელია მხარის არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით - ასე საქართველოს სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-სთვის, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეთორმეტე დღეს, გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტს ეხმაურება.
უჩა ნანუაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას, იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გარშემო მომდინარე სასამართლო დავას. მისი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს რამდენიმე საკითხის დეტალურ შესწავლას იმის დასადგენად, სასამართლო განხილვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას ან დარღვევას.
ამჯერად გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 22 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2–თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხარეებს ჩასაბარებლად გაუგზავნა, გუშინ კი ოფიციალური განმარტება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად ადგენს:
„თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.“
"მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოცხადდა 10 ივნისს. შესაბამისად, მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს არა უადრეს 30 ივნისისა და არაუგვიანეს 10 ივლისისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. ხოლო, თუ ამ ვადაში მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21–დღიანი ვადის ათვლა დაიწყება 30–ე დღიდან (მოცემულ შემთხვევაში 10 ივლისიდან).
სამოქალაქო დავებზე გადაწყვეტილებათა ჩაბარების მოქმედი წესი 2010 წლის 15 დეკემბრის კანონითთბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში ამოქმედდა, ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან – ყველა სასამართლოში. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებები განპირობებული იყო სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებით. ეკონომიური მართლმსაჯულება მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სასამართლო რაიმე ფინანსურ რესურსს სამოქალაქო დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად არ გამოყოფს, გარდა ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება ეგზავნებათ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც არ ყავთ წარმომადგენელი.
სწორედ ამ გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელობს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით და აგზავნის გადაწყვეტილებას. აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების სასამართლოს შეხედულებისამებრ გაფართოება კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს. გარდა ამისა, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად.
"როგორც სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიუთითებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადრეულ ეტაპზე ჩაბარებულად მიჩნევა აზიანებს მათ იმ ინტერესს, რომელიც სამოქალაქო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათსავე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდება.
"აღსანიშნავია, რომ კანონში მითითებულ დროის შუალედში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა), სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს როგორია მისი დაცვის სტრატეგია, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად თუ არა, ვადის პირველივე დღეს წარადგენს საკასაციო საჩივარს თუ ბოლო დღეს. დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით.
"საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ ქმედებას,“-ნათქვამია განცხადებაში.