19 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
რუსთავი2-მა უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის მზადება დაიწყო

მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის რუსთავი2-ის მხარემ მუშაობა დაიწყო. ამ პროცესის დაწყება კომპანიის იურისტებს დაგეგმილზე ადრე მოუწიათ. მიზეზი სააპელაციო სასამართლოს მიერ ვადაზე ადრე, საკუთარი ინიციატივით ჩაბარებული დასაბუთებული გადაწყვეტილებაა.

დოკუმენტი მხარემ 4 დღის წინ ფოსტით მიიღო. შესაბამისად, 4 დღის წინ დაიწყო 21-დღიანი ვადის ათვლა უზენაესისთვის საჩივრის მოსამზადებლად.

შეცვლილი სამართლებრივი გეგმების გამო, პროტესტი ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების ჩაბარების დღესვე დააფიქსირეს.

სააპელაციო სასამართლომ კი საკუთარი ქმედება სპეციალურ განცხადებაში განმარტა, სადაც ნათქვამია, რომ რუსთავი2-თვის გადაწყვეტილების ფოსტით ჩაბარებით კანონი არ დარღვეულა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის ამგვარ განმარტებას უპრეცედენტო ფაქტად აფასებენ იურისტები, რომლებიც წლებია, სხვადასხვა ინსტანციებში სამოქალაქო დავებზე მუშაობენ.

კანონდარღვევასა და უპრეცედენტო შემთხვევაზე მიუთითებს სახალხო დამცველიც.

უზენაესი სასამართლოს ოფიციალური პოზიცია უცნობია. თუმცა, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ადვოკატები, პროცესის გართულებისგან დაზღვევის მოტივით, სააპელაციო სასამართლოს მიერ შეთავაზებულ ვადებში მოქმედებას გეგმავენ. მეორე ინსტანციის მიერ 10 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილების უზენაესში გასაჩივრებისთვის მათ 17 დღე რჩებათ.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

დღის ამბები