რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც უკავშირდება.
მკვლევართა მიერ დასმულ კითხვაზე - გსმენიათ თუ არა რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის შესახებ - გამოკითხულთა 85.6%-მა უპასუხა - დიახ, არა 14.4%-მა .
გამოკითხულთა 38.9% მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს მედიის დამოუკიდებლობაზე შეტევას.
კითხვაზე - ჩამოთვლილთაგან რომელი უკეთ ასახავს თქვენს დამოკიდებულებას - 29.3%-მა უპასუხა, რომ ორ მხარეს შორის არსებული კერძო დავაა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს მედიის დამოუკიდებლობაზე შეტევად - მიიჩნევს 38.9%, ორივე - 14.1%.
კვლევა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.
გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე და კითხვარის შევსებაზე.