ათათურქის აეროპორტში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ. rustavi2.com ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში მყოფ რამდენიმე ქართველს ესაუბრა.
ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ ის და კიდევ 20-მდე ქართველი ერთ-ერთ გეითში იმყოფებიან და საკონსულოსთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობენ. ისინი ამბობენ, რომ მათ არავინ დაკავშირებია და არც მათ ზარებს პასუხობენ.
მისი თქმით, მათთან იმყოფება აეროპორტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მაგრამ მათ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის და არ იციან, აეროპორტის დანარჩენ ტერიტორიაზე რა ხდება.
ასევე არ იციან, როდის შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. ისინი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.