სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 42-ს მიაღწია. ერთ-ერთი დაშავებული მიღებული ტრავმების შედეგად, საავადმყოფოში გვიან ღამით გარდაიცვალა. ამ დრომდე სტამბოლის საავადმყოფოებში კიდევ 128 ადამიანი იმყოფება.
აეროპორტის ტერიტორიაზე კვლავ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. თურქი სამართალდამცველები სტამბოლის აეროპორტში თავდასხმის დროს სათვალთვალო კამერებით, ასევე თვითმხილველების მიერ მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეო კადრებს და ფოტოებს სწავლობენ.
გამოძიებისთვის თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია. წინასწარი ვერსიით ერთერთმა ტერორისტმა აეროპორტის ავტოსადგომზე იმ მიზნით აიფეთქა თავი, რომ დანარჩენ თავდამსხმელებს შექმნილი პანიკით ესარგებლათ და აეროპორტის შენობაში შეეღწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, ოფიციალური ანკარა ტერაქტის შემსრულებლად ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს მიიჩნევს.
„ნათელი ხდება ვინ დგას ამ ტერაქტების უკან, ეს ისლამური სახელმწიფოა. სავარაუდოდ 2 დღეში დასრულდება გამოძიება და დავადგენთ თვითმკვლელი ტერორისტების ვინაობას. ახალ ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას,“ - განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდიმირმა.
კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც.
„თურქეთი ყველაზე საზარელი ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გახდა, ჩვენი ქვეყანა გამოცდის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით ტერორიზმს, ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათ თავდასხმებს,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.