19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
კორუფცია სატრანსპორტო კომპანიაში - თბილისის მერი "ენმ"-ს გასაჯაროებულ დოკუმენტებს სიცრუეს უწოდებს

“აუდიტის შემოწმება არ დასრულებულა  და შესაბამისად, არავის არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გარკვეული მიმართულებით ფინანსური გახარჯვები გამოვლინდა.

რაც შეეხება, თბილისის სატრანსპორტო კომპანის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობიდან წასვლას, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით, მომზადებული დასკვნა კი ამასთან კავშირში არ არის.

მისი თქმით, ღურჭუმელიამ განცხადება თავად დაწერა დიდი ხნის წინ თანამდებობდან წასვლის შესახებ, ხოლო მისი დაკმაყოფილება გუშინ მთავრობის სხდომაზე მოხდა.

“აუდიტის შემოწმება არ დასრულებულა და შესაბამისად, არავის არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა. თუმცა დირექტორის მოადგილემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოზიცია. მას განცხადება საკმაოდ დიდი ხანია დაწერილი ჰქონდა, უბრალოდ ახლა მოხდა მისი დაკმაყოფილება მთავრობის სხდომაზე, ასე რომ, იქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ძალიან ბევრი ქაღალდი შეიძლება დავადოთ ერთმანეთს და ვთქვათ, რომ ეს არის მოცულობითი დოკუმენტაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტაცია სავსეა დარღვევებით. დოკუმენტი ჯერ არ გამოცემულა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის დღეს გასაჯაროებულ დოკუმენტაციას სიცრუე უწოდა.

დასკვნა ეხება 2014-2015 წლებს, სწორედ იმ დროს, როდესაც კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობა ირაკლი ღურჭუმელიას ეკავა, რომელიც ოპოზიციის ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის გუგული მაღრაძის სიძეა.

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები