19 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მაღალჩინოსნების გაყალბებული ხელმოწერები - დევდარიანი კომისიაში შესაძლო მანიპულაციების არსებობაზე საუბრობს

საატესტაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ხელმოწერების გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

როგორც დევდარიანი აცხადებს, კითხვები კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დასაწყისშივე გაჩნდა, სწორედ ამიტომ მან კომისია დატოვა. დევდარიანი ამბობს, რომ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გადაწყვეტილებებს კომისიის წევრები არ იღებდნენ.  

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხელმძღვანელ პირს მივმართე ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც კი, კომისიის წევრს, სამწუხაროდ ხელი არ მიმიწვდებოდა ამ ინფორმაციაზე, რამაც უკვე ჩემში წარმოშვა ძალიან ბევრი შეკითხვა, რომ ხომ არ ხდებოდა იქ გარკვეული ტიპის მანიპულაციები შედეგებთან დაკავშირებით და უკვე ვერანაირ აზრს ვეღარ ვხედავდი კომისიაში ყოფნის, ვინაიდან უკვე თავად მე მქონდა ეს შეკითხვები, რაც საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში გაჩნდა,“- განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გაყალბებულ ხელმოწერებზე ინფორმაცია დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გაავრცელა. ორგანიზაციამ სამხარაულის ბიუროში გადააგზავნა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნაზე გაკეთებული ერთ-ერთი ხელმოწერა.

სამხარაულის პასუხში წერია, რომ ხელმოწერა გაყალბებულია. საერთაშორისო გამჭვირვალობაში ეჭვობენ, რომ ასევე გაყალბებულია დანარჩენი 14 ხელმოწერაც ამ დოკუმენტზე.

საუბარია დასკვნაზე რომელიც მომზადდა საჯარო მოხელეების კონკურსთან დაკავშირებით და ამ დასკვნის საფუძველზე ხდებოდა თანამშრომლების დანიშვნა თბილისის მერიაში.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განმარტებები არ გაკეთებულა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები