შინაგან საქმეთა სამინისტრო კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიან კამპანიას იწყებს. როგორ აპირებს უწყება დანაშაულის პრევენციას, ამის შესახებ დღეს პრეზენტაცია თავად მინისტრმა გააკეთა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ერთერთი მთავარი გამოწვევა უწყებისთვის სწორედ კიბერდანაშაულია.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, წელიწადში ერთხელ გაიმართება ე.წ. კვირეული, სადაც უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ეხებათ კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, შეიკრიბებიან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციებს გაცვლიან.
„ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც ყოველდღე ფერს იცვლის და ჩვენ აუცილებად ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ თითოეულ დანაშაულზე უფრო მკაცრი რეაგირება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ზიანი, რომელიც შეიძლება ასეთი დანაშაულისგან დადგეს, არის არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური,“ - განაცხადა თამარ ქალდანმა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი