სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება - ღონისძიების ერთერთი ორგანიზატორი, ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი, უკვე მეორედ სკანდალში ეხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას არ ერთი საქველმოქმედო აქცია აქვს ჩატარებული, დღეს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია და მას კანონი მსგავს აქციებში მონაწილეობას არ უკრძალავს. ასევე დამფუძნებელმა ქეთი ბარათელმა დღეს განაცხადა, რომ ღონისძიება თედო კობახიძის მონაწილეობით იყო დაგეგმილი, თუმცა ის არჩევნების შემდეგ გადაიდო.
„არა ერთი საქველმოქმედო აქცია გვაქვს ჩატარებული. ყველა აქცია იყო ძალიან წარმატებული, ახლაც გვაქვს ძალიან ბევრი აქცია დაგეგმილი, მაგრამ ეს მოხდება არჩევნების შემდეგ. არჩევნების გამო, ბატონმა თედომ გადადო,“ - აღნიშნა ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის დამფუძნებელმა ქეთი ბარათელმა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია არის ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით, აქვს უფლება გამართოს საქველმოქმედო აქციები არჩევნების პერიოდში.
შეგახსენებთ, პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების ინიციატორები იყვნენ დიდუბის რაიონის გამგეობა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თედო კობახიძე და ორგანიზაცია ქართული ოცნება- ჯანმრთელი მომავალი.
როგორც სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ორგანიზაციამაც სავარაუდოდ, დაარღვია საარჩევნო კოდექსი.