ახალი ტენდენციები ცნობილი ბრენდებისგან - პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ლეგენდარულმა სამოდელო სახლებმა გამორჩეული ჩვენებებით წარმოადგინეს.
კოლექციის წარსადგენად ლეგენდად ქცეულმა სამოდელო სახლმა საკუთრი ჯადოსნური სამყაროს კარი პირველად შეაღო და მოდის მოყვარულები ყველაზე საინტერესო კულისებში მიიწვია.
82 წლის კარლ ლაგერფილდმა ახალი კოლექციის წარსადგენად პარიზის გრანდ პალასი შანელის სახლის სამუშაო გარემოდ გადააქცია. მანეკენებით, საკერავი მანქანებით და სხვა აქსესუარებით სავსე დეკორაციის ფონზე, მდიდრული მატერიებით გაფორმებული ფერადი კოლექცია გამორჩეულად დახვეწილი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
კრეატიულმა დირექტორმა ჩვენების დასასრულს შანელის სახლის მკერავებიც წარადგინა.
მდიდრული ქსოვილები და სილუეტები არ აკლდა არც ვალენტინოს კოლექციას.
იტალიური სამოდელო სახლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია შექსპირს მიეძღვნა. მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგ ვალენტინოს სამოდელო სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელებმა ინგლისელი ავტორის შემოქმედებით შთაგონებულ კოლექციაში საინტერესო დეტალები - საათები, ჟაკეტები და კონტრასტული სილუეტები გამოიყენეს.
დიორის სახლმა სეზონის განაცხადისთვის მონოქრომული და მრავალფეროვანი კოლექცია წარმოადგინა თეთრი და შავი შარვალ-კოსტუმებით, უჩვეულო ქვედაბოლოებით და დახვეწილი საღამოს კაბებით.