ნიცაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, უკვე რამდენიმე საათია, ცივილიზებული მსოფლიო ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ფრანგულ დიპლომატიურ უწყებებში გახსნილია სამძიმრის წიგნებიც, საელჩოებთან კი მოქალაქეები იკრიბებიან, მიაქვთ სანთლები და ყვავილები.
სოლიდარობის ნიშნად ხალხმრავლობა იყო დღეს თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვავილებს ტოვებდნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ თანადგომას ფრანგი ხალხის მიმართ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მომხდარი "საზარლად" შეაფასა და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
"ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს," - ამ სიტყვებით კი ნიცაში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა ფრანგ ხალხს ქართველების სახელით მიუსამძიმრა.
ტერაქტს ნიცაში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 14 ივლისს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღეს, ქალაქ ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნათია გოგსაძე