19 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ნიცას ტერაქტთან კავშირში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს

საფრანგეთში ნიცას ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ - ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშებია დაშვებული. სამართალდამცველები კი ტერაქტის დეტალების გარკვევას ცდილობენ. ძალოვანებმა მომხდართან კავშირში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავეს.

ერთი მამაკაცი წუხელ, სამი კი დღეს დილით აიყვანეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ თავდამსხმელთან, რომელმაც სანაპირო ქუჩაზე ხალხს სატვირთო მანქანით გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

მედიკოსები მსხვერპლის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან 50-მდე დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაშია.

ცნობილია, რომ მოჰამედ ბუჰლელი წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა რადიკალ ისლამისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტ მოჰამედ ბუჰლელს კონტაქტები ჰქონდა იტალიასთან. ის ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ქვეყანაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება ადგილს, სადაც ტერაქტი მოხდა, დილიდან ნიცის სანაპიროზე სიმშვიდეა, თუმცა სწორედ იმ ადგილას, სადაც ტერორისტული აქტი განხორციელდა, გუშინ პიროვნება საკმაოდ დიდი ზომის დანით მივიდა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მათ ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

მოსახლეობა შეშინებულია, მათ უმრავლესობას სანაპირო ზოლზე გასვლის ეშინიათ.

ასევე, მეორე დღეა ტურისტებს და ადგილობრივ მოსახლეობას, იმ ადგილას, სადაც ტერაქტი მოხდა, ყვავილები და სანთლები მიაქვთ, რათა პატივი მიაგონ ტერაქტის შედეგად დაღუპულებს.

დღის ამბები