საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ მოსამართლეს, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ბიზნესკომპანიის გაკოტრებით აშანტაჟებენ.
კურიერის ინფორმაციით, კომპანიების გაკოტრება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონკრეტული მოსამართლე რუსთავი 2-ის სარჩელს დაეთანხმება, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე რუსთავი 2-ის პოზიციას არ გაიზიარებს, აღნიშნულ კომპანიებს სხვადასხვა ტენდერებში გამარჯვებაში დახმარებას სთავაზობენ.
ასევე კურიერის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ კიდევ ერთ მოსამართლეს ფარული კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, მას შემდეგ რაც გიორგი პაპუაშვილს თავმჯდომარეობის ვადა ამოეწურება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილს და გიორგი პაპუაშვილის პირველ მოადგილეს ინფორმაცია არ ჰქონდათ იმისა თაობაზე, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს ზეწოლის ფაქტებზე განცხადების გაკეთებას გეგმავდა.
მოსამართლეებს დღეს კურიერის გადამღები ჯგუფი ესაუბრა, ისინი ამბობენ, რომ პაპუაშვილს აუცილებლად შეხვდებიან და ეცდებიან მიიღონ ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით გააკეთა სასამართლოს თავმჯდომარემ დღევანდელი განცხადება, მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ.
მოსამართლეების ნაწილი ამბობს, რომ მათ კოლეგებს მათზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ მათთან არაფერი უთქვამთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ხდება მათი დაშანტაჟება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით და ემუქრებიან მათ, რომ კონკრეტულ საქმეებზე თუ არ იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება გამოტანილი, მათ პრობლემები შეექმნებათ.
პაპუაშვილს საგანგებო პრესკონფერენციაზე მოსამართლეების სახელები და გვარები არ დაუსახელებია და არც ის დაუკონკრტებია, თუ რომელი საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ხდება ზეწოლა.
ავტორი ეკო მაღრაძე