არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ანგარიშები წარადგინეს, რომელიც აანალიზებს თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ანგარიშებში საუბარი იყო კორუფციის აღმოფხვრაზე, სასამართლო რეფორმაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დოკუმენტები ნიდერლანდების სამეფოსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.
“ეს დოკუმენტი აანალიზებს იმ რეფორმებს, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარდა მოქმედი ხელისუფლების დროს და იმ ხარვეზებს, რომლებიც ამ რეფორმებს თან ახლდა. სამწუხაროდ, ამ ხარვეზების გამო ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც ნამდვილად იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით და იყო პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების საწყის ეტაპზე, ეს მიღწეული შედეგები დღეს სერიოზული რისკის ქვეშ დგას,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.