23 წლის ირაკლი ქაჯაიას ოჯახი ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა ბათუმში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი კლუბიდან გამოსულ ახალგაზრდას შელაპარაკება მოუვიდა საპატრულო პოლიციასთან, რის გამოც ის დააკავეს. ოჯახი აცხადებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ქაჯაიას პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.
“პოლიციის უფროსი, პოლიციის უფროსის მოადგილე და სამი თანამშრომელი. ორი აკავებდა და 5 კაცი ცემდა“ - განაცხადა დაზარალებულის დედამ ნინო დუმბაძემ.
ირაკლი ქაჯაიას სავარაუდო ცემის ფაქტს სწავლობს ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ოჯახს იურიდიულ დახმარებას უწევენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები, რომლებიც მოითხოვენ, რომ შეუჩერდეს პასუხისმგებლობა პატრულის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სავარაუდოდ იღებდნენ ცემაში მონაწილეობას. მათი თქმით ეს აუცილებელია იქამდე, სანამ არ დასრულდება საქმეზე მოკვლევა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.