19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დახარჯული ათასობით ლარი - თბილისის ქუჩები ისევ დაიტბორა

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაიტბორა. უხვმა ნალექმა დედაქალაქის ცენტრალურ გზაზე პრობლემები გუშინ საღამოსაც შექმნა.

ეს კი იმ დროს, როდესაც ტერიტორიაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები მათ შორის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ქალაქის ბიუჯეტს 11 თვის წინ თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა.

პროექტის მიხედვით, 410 000 ლარი ქალაქის მერიამ გზის საფარის კაპიტალურ რემონტში, სანიაღვრე არხების რეაბილიტაციასა და ტროტუარების მოპირკეთების სამუშაოებში დახარჯა.

შესაბამისი დოკუმენტაცია ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა. ოპოზიცია მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში ადანაშაულებს.

ჩატარებული სამუშაოების და ბიუჯეტიდან გახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ნალექის შემთხვევაში, ტერიტორიის განმეორებით დატბორვას არ გამორიცხავს. მერიაში განმარტავენ, რომ ცენტრალური გზის დატბორვა არხების გაუმართაობის გამო არ მომხდარა და მიზეზი ძლიერი სეტყვა და უხვი ნალექი გახდა.

ქალაქის მერიასთან კითხვები ღვინის აღმართზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებითაც არსებობს. ძველ თბილისში ამ ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტს რამდენიმე თვის წინ 160 000 ლარი დაუჯდა.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის აღმართზე არც ხარაჩოები დგას და არც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქვაფენილი გზის სავალი ნაწილიდან სპეციალურად აიღეს. 

საპირისპიროს აცხადებენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი გუშინდელმა წვიმამ დააზიანა. 

საკრებუილოს ოპოზიცია მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების და სამუშაოების შესწავლას უახლოეს პერიდოში იწყებს. უცნობია დაინტერსდებიან თუ არა ჩატარებული ტენდერებით საგამოძიებო უწყებები.

ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი

 

 

დღის ამბები