ხმაური იყო დღეს თელავში, სადაც სოციალისტური საქართველოს დამფუძნებელი ყრილობა ჩაიშალა, კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე კი დააკავეს.
თემურ ფიფია იმ ჟურნალისტმა გააღიზიანა, რომელიც დარბაზში ანტისაბჭოური და ანტიპუტინური სიმბოლიკით შევიდა, რის გამოც ჭეშმარიტი კომუნისტის სილა დაიმსახურა. დაკავებული თანამოაზრე ვალერი კვარაცხელიამ დაიცვა და ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ნაძირალად მოიხსენია.
მოძრაობა სოციალისტური საქართველოს წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არასწორად იქცევა და იმიტომ აქვს რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული, მათ ასევე მიაჩნიათ, რომ საქართველომ რუსეთთან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალი უნდა აღადგინოს.
საკონცერტო დარბაზში ყრილობის ჩაშლის მიზეზი მიმდინარე საპროტესტო აქცია გახდა, ახალგაზრდები ყრილობაზე მისულებს ახსენებდნენ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. აქციის მონაწილეებს ეროვნული ჰიმნის ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს.
აქციის მონაწილეები ყრილობის მონაწილეებმა სოროსელებად მოიხსენიეს და ჩაშლილი ყრილობის შემდეგ იმედგაცრუებულები ერეკლე მეორეს ძეგლთან წავიდნენ, სადაც მათ გეორგევსკიეს ტრაქტატი ხმამაღლა გადაიკითხეს.
როდის გაიმართება ყრილობა ამ დროისთვის უცნობია, მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა აჭარაში უკვე შედგა.
ავტორი ნატა მახვილაძე