19 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომში - მოსახლეობა სახლებიდან წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობს

ზარალის დათვლა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომში. ძლიერი ქარის, სეტყვისა და წვიმის შედეგად საკურორტო ზონაში დაზიანდა ინფრასტრუქტურა და პარკები, დაიტბორა შენობები და განადგურდა ნარგავები.

ამ დრომდე 1000-მდე აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მათივე თქმით, სამაშველო სამსახური ქალაქში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები აღარ განახლებულა.

ბორჯომში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა შიდა გზები, თუმცა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ამ დროისთვის უკვე შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ბორჯომში მუშაობს საგანგებო შტაბი. შტაბის წევრების ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის კვლავ ბორჯომის ცენტრალურ პარკში რჩება. თუმცა, ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ბორჯომის პარკის ნაწილი რამდენიმე საათში გაიხსნება.

რაც შეეხება ბარკის სრულად გახსნის საკითხს, სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და პარკი ფუნქციონირებას სწორედ სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოსახლეობასთან მუშაობას და მათ დახმარებას ცოტახანში განაახლებენ.

მინდია ჯანელიძის განცხადებით ამ დრომდე ძირითადი აქცენტი ცენტრალურ გზებზე იყო გადატანილი, თუმცა კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ცოტახანში მუშაობა უკვე შიდა გზებზე დაიწყება. 

დღის ამბები