სტიქიის შედეგად დაზარალებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბორჯომის გარდა ადგილობრივები დაზარალდნენ მიმდებარე დასახლებებშიც. სადგერსა და წაღვერში განადგურებულია ნათესები და ბაღები.
ბორჯომში სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა შიდა გზები, თუმცა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ამ დროისთვის უკვე შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
სტიქიის შედეგად დაზარალდა დევნილთა საცხოვრებელი კორპუსი. ამ დრომდე მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მუშაობს საგანგებო შტაბი. ბორჯომის გამგებლის განცხადებით, ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება უახლოეს მომავალში მოხდება. დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა და ასევე ადგილობრივმა მოსახლეობამ სალიკვიდაციო სამუშაოებისას კოლოსალური შრომა გასწიეს.
ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატიც. ტარიელ ლონდარიძე ხელისუფლებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.
„გუშინდელი სტიქიამ, რომლიც ბორჯომის რაიონს დაატყდა ძალიან მძიმე შედეგი გამოიწვია. იმ სოფლებში სადაც სეტყვა იყო, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მოსახლეობა არის აღშფოთებული, რადგან ვერ გრძნობს ხელისუფლებისგან შესაბამის ყურადღებას. განსაკუთრებით სოფელ სადგერში, სადაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს,“-განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.
სტიქიის შედეგად ასევე დაზარალებულია წაღვერიც, სადაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ცოტახნის წინ აღდგა. პრობლემები ამ დრომდე რჩება შიდა გზებზე.
ავტორი:მარიამ გაფრინდაშვილი.