19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
წაქცეული ხეები, ჩახერგილი გზები, დატბორილი სახლები - ბორჯომში ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

სტიქიიდან 24 საათის შემდეგ ბორჯომში კვლავ წვიმს და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის პრიორიტეტულია გზების გაწმენდა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყება. წვიმა, სეტყვა და ქარბორბალა თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა და ქალაქის და მიმდებარე სოფლების სრული პარალიზება გამოიწვია.

ამ დროისთვის ნაწილობრივ გახსნილია დამსვენებლებისთვის ბორჯომის პარკი, თუმცა ობიექტის სრულ რეაბილიტაციას კიდევ ბევრი დრო დასჭირდება. პარკი რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ დაიცალა, მიზეზი განმეორებით მოსული წვიმა გახდა, მოქალაქეებმა სიფრთხილიდან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ მთელი ღამის განმავლობაში ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფები და ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად კი ახლა ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი პრობლემა მიყენებული ზარალია, რადგან ბორჯომი და მისი მიმდებარე სოფლები სტიქიამ პრაქტიკულად მოსავლის გარეშე დატოვა. 

რეგიონში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები