გოთუას ქუჩის მოსახლეობა მერიას მიმართავს. ისინი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, მიზეზი კი კლდის მასის ჩამოშლაა. თბილისი მერის დავით ნარმანიას თქმით, მშენებლობის ნებართვა ადრე გაიცა, თუმცა ისინი ამ საკითხს მაინც გადახედავენ.
“მშენებლობის ნებართვა ჩვენამდეა გაცემული და ამ საკითხს ჩვენ დამატებით გადავხედავთ. თუ ეს მიზეზი გამოწვეულია მაღლივი მშენებლობით, რომელზეც ნებართვა გაიცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, რასაკვირველია კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხი დადგება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ სქემებზე ვაგებინებთ მათ პასუხს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერს პასუხობს და ამბობს, რომ მოქმედ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მოქმედ მერიას ეკისრება.
“სამშენებლო მოედნების უსაფრთხოებაზე, მიმდინარე მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა მუდმივად ეკისრება მოქმედ თბილისის მერიას, მოქმედ ზედამხედველობის სამსახურს, ასე რომ დავით ნარმანია საკუთარ პასუხიმგებლობას ამ საკითხში ვერ გაექცევა,“ - აღნიშნა აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა არ მიმდინარეობს.
“არის ქაოსი მშენებლობის დროს, ნებართვების გაცემის დროს, არანაირი გეოლოგიური დასკვნა, არანაირი ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების და ერთი კომპანია არ დაუჯარიმებიათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვიღაცას კი არ უნდა აბრალო, სამაგალითოდ უნდა დასაჯო ეს კომპანია, რომ სხვებიც ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.