19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ნუ დაემორჩილებით შანტაჟს-"რუსთავი 2-ისა" და "TV საქართველოს" ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავენ

ბათუმში რუსთავი 2-ისა და TV საქართველოს ადვოკატები ბრიფინგს მართავენ. საგანგებო განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის მიერ შეტანილ სარჩელებს უკავშირდება. იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავენ. 

"ნუ დაემორჩილებით იმ ადამიანების შანტაჟს, რომლებმაც ქურდულად სპეციალურად მიიღეს კანონი, რომ ეს ინსტიტუცია დაენგრიათ,"- განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა. 

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელების ბედი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გადასარჩენად.

"ხელისუფლების ჩარევით სასამართლომ უპრეცედენტო რამ გააკეთა და ერთხელ განხილული საქმეები ხელმეორედ განიხილა, ახალი მიმდინარეობს ზეწოლა და ვაჭრობა, რომ განხილული საქმეების შემედგ არ მოხდეს საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას. ნუ დაემორჩილებით იმ ადამიანების შანტაჟს, რომელმაც ქურდულად სპეციალურად მიიღეს კანონი, რომ ეს ინსტიტუცია დაენგრიათ,"- აღნიშნა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა.

"მიუხედავად იმისა, რა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს უზენაეს სასამრთლოში, მიუხედავად იმისა, რა მოხდება უზენაეს სასამართლოში, გავაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს TV საქართველოს იურისტმა, დიმიტრი ძაგნიძემაც მიმართა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მისი არსებობის მანძილზე მუდამ წარმოადგენდა ქვეყანაში კონსტიტუციური ღირებულებების და უფლებების დაცვის გარანტს, გვსურს მივმართოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური მართლმსაჯულება გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას კანონით განსაზღვრულ ვადებში. საკონსტიტუციო სასამართლოში ამ შემთხვევაში დადგენილია 9 თვე, რაც უკვე დარღვეულია, ვინაიდან ვადა უკვე ამოწურულია.

"საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების მიმართ ჩვენი თხოვნაა და მოწოდებაა, რომ ნუ აყვებიან ძალადობას, მუქარას, რომელიც მომდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საერთო სასამართლოებში გამოტანილი იქნა უკანონო გადაწყვეტილებები,"- განაცხადა TV საქართველოს იურისტმა, დიმიტრი ძაგნიძემ. 

 

დღის ამბები