საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესების ფონზე რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტები განმარტებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა განახორციელოს და რუსთავი2 ხელში ჩაიგდოს.
„მიზანი, რის გამოც მას ძალიან სჭირდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა მოახდინოს, არის რუსთავი2-ის საქმე. მიზანია რუსთავი2-ის წართმევა დღევანდელი მფლობელებისთვის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არჩევნების წინ. მას ხელს უშლის საკონსტიტუციო სასამართლო და ორმაგ დანაშაულს ჩადის, ერთი ხელით თავისუფალ მედიას ებრძვის, ამავე დროს ებრძვის დამოუკიდებელ სახელისუფლებო ორგანოს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ჰქვია,“ - განაცხადა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი, მიიჩნევს, რომ მოსამართლეები მოქალაქეებიც არიან, რომელთაც აქვთ ვალდებულება, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინსტრუმენტი სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად გამოიყენონ.
ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, სარჩელების განხილვა კანონის დარღვევით ჭიანურდება. იურისტების პოზიცია დღეს არ გაიზიარეს სასამართლოში.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი