ახალი დეტალები დემურ სტურუას მკვლელობის საქმეში - 22 წლის ახალგაზრდის მშობლები ამტკიცებენ, რომ გამოძიება კიდევ ერთი სამართალდამცავის ვინაობას მალავს.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, უბნის ინსპექტორი, რომელმაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საბედისწერო ღამეს მარტო არ იმყოფებოდა.
ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა, დამნაშავის დასჯას ითხოვს. დღეს მათ მომხდარი სამტრედიის პოლიციასთან გააპროტესტეს, სადაც მათ მიცვალებული მიასვენეს. ამის შემდეგ კი 22 წლის ახალგაზრდა სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში აღნიშნავს, მისგან უბნის ინსპექტორი თანამშრომლობას ითხოვდა, კერძოდ იმ ოჯახებისა და მოქალაქეების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც მარიხუანა მოჰყავდათ. ახალგაზრდა წერილში დედას ბოდიშს უხდის და ეუბნება რომ სხვა გზა არ ჰქონდა.
უბნის ინსპექტორმა თანამდებობა გუშინ მას შემდეგ დატოვა, რაც მომხდარი მედიასაშუალებებით გავრცელდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პროკურატურის თანამშრომლები გუშინ გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდნენ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი