19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
24 წელი აფხაზეთის ომიდან - გმირთა მოედანზე დაღუპულებს იხსენებენ

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე ამ წუთებში დაღუპულთა ახლობლები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. 

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მივიდა.

გმირთა მოედანზე 24 წლის წინანდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. 

"ჩვენი ხედვა ამ წარსულიდან გამომდინარე უნდა იყოს ერთი, მშვიდობიანი პრაგმატული კონსტრუქციული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა, პირველ რიგში კი ჩვენი ხალხების გაერთიანება უნდა მოხდეს. დღეს მინდა საოკუპაციო ხაზის იქითა მხარესაც გავუგზავნო ეს გზავნილი, რომ ჩვენ უნდა გვეყოს სისხლისღვრა, ტკივილი ომი და აღარასდროს დავუშვათ ეს ტკივილი. რა თქმა უნდა პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანის ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსათვის გასწირეს სიცოცხლე,"- აცხადებს ციხელაშვილი. 

გმირთა მოედანზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიაც. 

"24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს ტრაგედია და მოჰყვა ყველაფერ ამას ის, რომ ჩვენ აღარ ვიმყოფებით ჩვენს სახლებში. ეს აქცია აფხაზეთის მეომართა კავშირმა დაგეგმა და ჩვენ მხარი დავუჭირეთ,"- განაცხადა ყოლბაიამ. 

ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იკრიბებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები. ისინი მომხდარს იხსენებენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ მიცვალებულების საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებენ. 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები