ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან. ერთ-ერთი დაკარგულის იაგო შარაშიძის მამის თქმით, მისმა შვილმა ცურვა კარგად იცოდა და შემთხვევა უყურადღებობის და დაუდევრობის ბრალია.
“ეს არის დაუდევრობა უყურადღებობა, ეს არის ვინც ინსტრუქტაჟს უწევდა იმის ბრალი, იმის შეცდომის ბრალი. ოდნავ უბრალო შეცდომა და შვილი დამიღუპეს და რა დღეში ჩამაგდეს, გამამწარეს. ჩემმა შვილმა ცურვა იცოდა უმაღლეს დონეზე, პირველი იყო, იმას არაფერი არ შეეშლებოდა. გაიყვანეს სიღრმეში მიატოვეს უყურადღებოდ, ან ჟანგბადი დაელიათ, ან ბავშვს რაღაცამ უმტყუნა. რომ უმტყუნა იქ არ უნდა ყოფილიყო მაშველი ან რაღაცა უბრალო ნავიც არ უნდა ყოფილიყო?“ - განაცხადა იაგო შარაძის მამამ რომან შარაძემ.
დაკარგული სამხედროს ოჯახის წევრების თქმით, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 6 ბალიანი შტორმი და ისინი წვრთნაზე არ უნდა გაეშვათ.
“სამხედრო მოსამსახურე იყო მაგრამ ეს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, ეს 6 ბალიანი ღელვა იყო ზღვისა. არ უნდა გაეშვა სამსახურს წვრთნაზე, მაგრამ მათი მოვალეობა რაც აკისრიათ ალბათ შეასრულებენ ოჯახის მიმართ. უნდა მოიძებნოს დაღუპული, უნდა პატრონს ჩაბარდეს,"- განაცხადა დაკარგული სამხედროს დეიდამ ნუნუ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, დაკარგული ორი სამხედროს ძებნა დღეს დილიდან განახლდება. სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულები ძალებიც.
მომხდართან დაკავშირებით ასევე დაწყებულია გამოძიება. სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.