ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ შავ ზღვაში დაკარგულ ორ ქართველ სამხედროს. ადგილზე ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, იმყოფებოდა. მინისტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და აღნიშნა, რომ, თუ სამხედროების დაკარგვა დაუდევრობით მოხდა, დამნაშავე პირები პასუხს სრული სიმკაცრით აგებენ.
ეს განცხადება მინისტრმა დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებთან საუბრის დროს გააკეთა.
ქართველი სამხედროების ძებნის ოპერაციას კი უკვე შეუერთდა ოფიციალური ანკარაც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძებნის ოპერაციაში თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურია ჩართული. პარალელურად სამხედროებს, გიორგი ნანიტაშვილს და იაგო შარაძეს, ქართველი მაშველებიც ეძებენ. ზღვაში გასულია რამდენიმე მყვინთავთა ჯგუფი, სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს ავიაციაც.
ოპერაციაში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალებიც.
"გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა, სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე. ამერიკელებიც აქ არიან. თურქულ მხარეს ვთხოვეთ, დაგვეხმარონ. მათ აქვთ გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების. პირად კონტროლზე იქნება ეს საქმე. ძალიან გვტკივა გული ამ ყველაფრის გამო," - აცხადებს მინდია ჯანელიძე.
მომხდარს უკვე იძიებს სამხედრო პოლიცია.
ავტორი: ეკო მაღრაძე