დღეს დილიდან ისევ განახლდა ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნა. სამუშაოებში ასევე ჩაერთვნენ თურქეთის შესაბამისი სამსახურები. გუშინ საღამოს კი სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა.
შავ ზღვაში ორი დაკარგული კურსანტის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ავიაცია, მაშველები, თითქმის ყველა ადგილობრივი შესაბამისი სამსახური და ამერიკის ევროპული სარდლობის სპეციალური დანიშნულების ძალები.
„რა ძალებიც იყო მობილიზებული, იგივე ძალები მუშაობენ, დაემატათ თურქული მცურავი საშუალებები. თურქული მხარეა ჩართული ძალიან აქტიურად და ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას,“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სერგო ძაგნიძემ.
სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე გუშინ გონიოს, ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ.