უკვე მეოთხე დღეა შავ ზღვაში დაკარგული კურსანტების ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს. დღეს თურქეთიდან სპეციალური საძიებო ტექნიკით აღჭურვილი გემიც შემოვა. რა გახდა შავ ზღვაში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამხედროები გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე, გონიოში გეგმიური სწავლების დროს დაიკარგნენ. ისინი საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. ზღვის სიღრმეში ჩაყვინთვის შემდეგ მათ ზედაპირზე ამოსვლა ვეღარ შეძლეს.
”მიმდინარეობს ორი დაკარგული ჯარისკაცის სამძებრო სამუშაოები გონიოს პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიასთან. ჯერჯერობით ძებნა მიმდინარეობს უშედეგოდ. ჩართულია ასევე თურქული მხარის კატარღა, ველოდებით სპეციალურ გემს, რომელიც აღჭურვილია სპეციალური აღჭურვილობით და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მოვძებნით დაკარგულ ჯარისკაცებს,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა დიმიტრი კიკნაძემ.