19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ყოფილი ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ქუჩის არალეგალურ რბოლას უკავშირებენ 

სწრაფი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი უიარაღოს, ყოფილი ხუდადოვის, ქუჩაზე ტროტუარზე შევარდა და ორ ახალგაზრდა ქალს დაეჯახა. ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი - მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში.

მომხდარ შემთხვევას ქუჩის არალეგალურ რბოლას უკავშირებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები.

ქუჩის იმავე მონაკვეთზე სეირნობისგან ადგილობრივები უკვე თავს იკავებენ და არალეგალური რბოლის ხშირი შემთხვევების გამო, გზაზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

სანქციების გამკაცრება პრობლემის მოგვარების გზად მიაჩნიათ ავტომრბოლელებსაც. მათი თქმით, არალეგალური რბოლებისთვის თბილისში რამდენიმე ადგილი არსებობს, რომელთა შესახებაც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ახალგაზრდა ქალბატონების ტრაგედია მათთვის რამდენიმე მწვავე კითხვას აჩენს.

შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის არ არის გამოკვეთილი, რომ შემთხვევა არალეგალური რბოლის გამო მოხდა.

გარდაცვლილების ოჯახების წევრები კი მომხდარზე პასუხსა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები