19 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
დედაქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით მერიასთან მორიგი აქცია იმართება

თბილისის მერიასთან ქალაქის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება. საზოგადოების პროტესტი ყაზბეგის ქუჩაზე ასწლოვანი ხეების მოჭრას უკავშირდება.

პარალელურად, უკვე მეხუთე დღეა ამ მოთხოვნით შიმშილობს მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე. როგორც ფერაძე კურიერთან აცხადებს, მისი შიმშილობის აქციით მერიიდან არავინ დაინტერესებულა.

„ჩვენმა ფაცი-ფუცა მერმა გამოაცხადა 10 დღიანი მორატორიუმი ხეების ჭრაზე. მორატორიუმი მე გამიგია, როცა არის გახსნილი ცეცხლი და ეტყობა ნარმანია ბრძოლის რეჟიმშია. უნდა შეიქმნას საბჭო, რომ მანამ სანამ გაიცემა ნებართვები წინასწარ შევიტყოთ ხოლმე რის მოჭრას აპირებენ, სად აპირებენ მშენებლობას. არანაირი რეაგირება არ ყოფილა გარდა ტელევიზიით გაკეთებული არაადეკვატური განცხადებებისა,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.

აქციაზე იგეგმება ჯაზ-კონცერტის გამართვა და ასევე აქციაზე მისვლას გეგმავს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი. დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ხვალ, საკრებულოში, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მისვლის საკითხის დაყენებას გეგმავს. 

დღის ამბები